ლაშა დარსალია - რუსეთი არც კი აღიარებს თავს, როგორც კონფლიქტის მონაწილეს, შესაბამისად, გაურბის პასუხისმგებლობას, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება
ლაშა დარსალია - რუსეთი არც კი აღიარებს თავს, როგორც კონფლიქტის მონაწილეს, შესაბამისად, გაურბის პასუხისმგებლობას, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება

რუსეთი არც კი აღიარებს თავს, როგორც კონფლიქტის მონაწილეს, შესაბამისად, გაურბის პასუხისმგებლობას, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, რაც არის ცენტრალური საკითხი კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების პროცესისადმი კვლავ დესტრუქციული მიდგომა აქვს.

„როგორც რაუნდზე, ასევე განცხადებაშიც სამწუხაროდ, ახალი არაფერია. კვლავ ჩანს ის დესტრუქციული მიდგომა, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების პროცესისადმი. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი, პირველი, რუსეთი არც კი აღიარებს თავს, როგორც კონფლიქტის მონაწილეს, შესაბამისად, გაურბის პასუხისმგებლობას, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არის ცენტრალური საკითხი კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის. ასევე ცდილობს ისეთი საკითხებით მანიპულირებას, რაც არ არის ჟენევის დღის წესრიგის ნაწილი.

მაგალითად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაკავშირება ცეცხლის არგამოყენების ნაწილთან ცალსახაა, რომ 6-პუნქტიანი საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის შეიარაღებული ძალების გაყვანაზე ომამდელ ხაზზე. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული არც წვრთნებთან, არც რაიმე სხვა საკითხებთან. ესაა საკითხების ხელოვნურად შემოტანა დღის წესრიგში, რათა მოხდეს არტორპედირება და საბოტაჟირება 6-პუქნქტიანი შეთანხმებისა და მასზე მსჯელობის. მოლაპარაკებათა პროცესში ეს რეალობა ჩვენ მუდმივად გვაქვს. რაც შეეხება რუსეთის უფრო აგრესიულ პოლიტიკას, ეს არის ერთიანი ევროპული უსაფრთხოების საკითხის ნაწილი და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეტევა, რომლის ნაწილიც არის როგორც საქართველო, ისე უკრაინა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.