ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო ქმედებების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.

„ფაქტობრივად ერთწლიანი წყვეტის შემდგომ, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების, და მათი მძიმე შედეგების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე და ადგილზე ვითარების ესკალაციის შესაძლებლობის გაზრდის გარდა, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოლაპარაკების აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ე.წ. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამის“ დამტკიცებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრებზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის განხილვის საკითხს. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეეტის შეთანხმების დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, სამხედრო წვრთნებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და ხაზი გაესმევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9-წლიანი „პატიმრობა“, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას.

განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზი გაესმება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად განხორციელების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის შეხვედრების შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს.

საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი