რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელ ტომას კლაარს, გაერო-ს წარმომადგენელს სულთან ოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელს, ანიკა სიოდორს შეხვდა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოითქვა იმედი, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სხდომა სწრაფად განახლდება.

„შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. მარტის ბოლოს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, რუსული მხარე პრიორიტეტულ საკითხად აქცენტს აკეთებს ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების არსებით სამუშაოზე, ასევე, ამ ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის სწრაფად დაწყებაზე.

დადასტურებულია, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე საზღვრისპირა პრობლემების გადასაჭრელად ყველაზე ოპტიმალურ ფორმატად რჩება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა იმედი, რომ სწრაფად განახლდება ქართულ-აფხაზური სხდომა გალში“, – ნათქვამი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 4 მარტს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი