საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში, დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა, არსებობდა აფეთქების საფრთხეც
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში, დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა.
როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებობდა აფეთქების საფრთხეც, თუმცა, ადგილზე მივიდნენ მეხანძრე-მაშველებ და მოხდა ბინის განიავება, შესაბმისად, კორპუსის ევაკუაცია აღა გახდა საჭირო.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის დაკეტილი ბინიდან ბუნებრივი აირის სუნი გამოდიოდა. აღნიშნულის შესახებ ცენტრს „თბილისი ენერჯის“ საავარიო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა და სახლში დაუყონებლივ შეღწევის მიზნით, სახანძრო-სამაშველო ძალების მისვლა მოითხოვა.
შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. მაშველებმა ბინაში შეღწევა კიბის მეშვეობით, აივნიდან დროულად მოახერხეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველებს დახვდათ ბუნებრივი აირის შემავალი მილი, რომელსაც არ ჰქონდა ჩამკეტი. არსებობდა აფეთქების საფრთხე. უმოკლეს დროში მოხდა ბინის განიავება, უსაფრთხოების წესები სრული დაცვით და კორპუსის ევაკუაცია საჭირო აღარ გახდა. ოთახების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.