საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი მამაკაცი მიწის მასაში რვა მეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი ადამიანი მიწის დიდი მასის ქვეშ იყო მოყოლილი და სწორედ ამიტომ დასჭირდა რვა საათზე მეტი მეორე მუშის სამძებრო სამუშაოებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ორივე მამაკაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი.
„ნაპოვნია ორი გარდაცვლილი მამაკაცი. 17:30 საათიდან მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, დაახლოებით რვასაათ-ნახევარი. ადგილზე მობილიზებული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. სავარაუდო მიზეზს რაც შეეხება, როგორც ამბობენ, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჩაინგრა მიწის საფარი, მიწის ძალიან დიდი რაოდენობა იყო და დაახლოებით რვა მეტრის სიღრმეში იყო მოყოლილი ორივე პიროვნება“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
კითხვაზე რატომ დასჭირდა ამდენი დრო მეორე ადამიანის ამოყვანას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადგილზე მიწის დიდი მასა იყო, რომლის ამოღებასაც დრო დასჭირდა.
„პირველი ადამიანი, რომელიც აღმოვაჩინეთ იყო რამდენიმე მეტრზე. ადგილზე როგორც გვითხრეს, ეს ადამიანი მუშაობდა გვერდზე, ცოტა დაბლა. დაახლოებით რვა მეტრი მიწა იყო ამოსაღები და მოსაჭრელი. გვიწევდა ძალიან დიდი სამუშაოს ხელით ჩატარება, ამიტომ დასჭირდა დიდი დრო“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.