ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ვახუშტი მენაბდემ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია. ის უარყოფს აქციაზე გინებასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

„არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩემ მიერ ასეთი ქმედების ჩადენის და ვერც იარსებებს. ვაცნობიერებდი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მქონდა აქციაზე, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს. ყველა ადამიანს ჰქონია მომენტი, როცა უწმაწური სიტყვა გამოუყენებია, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ამას კატეგორიულად უარვყოფ. რაც შეეხება გზის გადაკეტვას და დაუმორჩილებლობას, კადრებშიც ჩანს, შემაღლებულ ადგილზე, ღობის წინა ნაწილში ვიდექი, რომ სიტუაციის დამშვიდება მომეხერხებინა. თუ სასამართლო ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩათვლის, რომ ეს საკმარისია ჩემი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობისთვის, მაშინ სასამართლოს ვთხოვ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ პროცესზე.

პროცესზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს სხვა დაკავებულებმაც. ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. აქცია ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ გაიმართა.