საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.
ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა სულ 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.
„ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ისინი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილიდან ხელმძღვანელობდნენ“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, მოხერხდა შენობაში არსებული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტის გადარჩენა.