საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაში მოხალისედ დარეგისტრირების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხალისეთა სისტემის ჩამოყალიბებაზე სამსახური უცხოელ ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.
„ვქმნით მოხალისეთა სისტემას და უცხოელ პარტნიორებთან ერთად უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ სისტემის ჩამოყალიბებას. შეიქმნება მოხალისეთა ერთიანი ეროვნული სია, ბაზა. ყველა მსურველს გაუფორმდება ხელშეკრულება ჩვენი სამსახურის მიერ. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ვქმნით სასწავლო და სპორტულ სივრცეებს ჩვენი მეხანძრე-მაშველებისთვის და ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალებას მივცემთ ყველა მოხალისეს თავისი საცხოვრებლის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, კანონპროექტით, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება, წყალმომარაგების სერვისის მფლობელი კომპანიებისთვის პასუხისმგებლობა დგინდება.
„ახალი კანონით მოწესრიგდება მეხანძრე-მაშველთა განათლების საკითხი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს ბაზა, სადაც არის სასწავლო ცენტრი. ჩვენი მეხანძრე-მაშველები გადამზადებას ამ ცენტრში გაივლიან. ასევე, სამსახურს ექნება საშაულება, მეხანძრე-მაშველები რიგ შემთხვევებში, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნოს“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა.