საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ლორან ნუნესმა აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.
სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.
ამავე დროს, გამოცემა „ფიგარო“ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარს გადაურჩა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ეს არის ტაძარში არსებული მთავარი რელიკვია.
ამას გარდა, როგორც ტელეკომპანია „ფრანს 24“ იუწყება, მეხანძრეები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, გადარჩება ტაძრის ორივე კოშკი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.
ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.