საფრანგეთის სახანძრო სამსახური - დარწმუნებულები არ ვართ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შევძლებთ
საფრანგეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ დარწმუნებულები არ არიან, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.
ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები გახდა. ტაძრის ნაწილი ხარაჩოებში იყო მოქცეული.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.