საფეხბურთო ტრიბუნალმა „კოლხეთი 1913“-ის სამ მოთამაშეს სასჯელი შეუმსუბუქა
საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა „კოლხეთი 1913“-ის სამ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს სასჯელი შეუცვალა და შეუმსუბუქა.
თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, ბექა მახარაძემ და ზურაბ არზიანმა სარჩელი შეიტანეს, რომელიც საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომაზე განიხილეს. ფეხბურთელები ასაჩივრებდნენ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია დაუწესდა, ხოლო კლუბს 6 ქულა დააკლდა.
სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მხარეთა პრეტენზიები მოისმინა და მოსარჩლეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა. ამასთანავე, ტრიბუნალმა, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, მიიჩნია, რომ პირველივე შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება.
შედეგად, სხდომაზე დაადგინეს: „დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა ჩაითვალოს მოხდილად, ხოლო დარჩენილი ვადა 2019 წლის 4 იანვრამდე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად“.