„კოლხეთი 1913“-მა ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და საქართველოს თასისთვის ბრძოლას განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე გატანილი გოლით გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

ფოთის „ფაზისი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქუთაისელები პირველ ტაიმში შედარებით ინერტულები იყვნენ, დავით კვირკველიას გაწვრთნილი „კოლხეთი“ კი უფრო მონდომებული თამაშობდა.

მეტოქეებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. გოლიც სტუმართა უხეში შეცდომის შედეგად გავიდა. 31-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან „კოლხეთის“ თავდამსხმელმა, ლაშა კოხრეიძემ კარისკენ დაარტყა, მეკარესთვის ბურთის აღება თითქოს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოთარ გოშაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და „ტორპედოს“ კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარი ბევრად სწრაფი და სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეებმა გაცილებით ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. 51-ე წუთზე კი ქუთაისელებმა ანგარიში ეფექტური შეტევით გაათანაბრეს. ირაკლი ბუღრიძემ საჯარიმოში ნიკოლა ნინკოვიჩი მონახა, რომელმაც ნახტომში ქუსლით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა ბოლოს ბურთს ფოთელების ფეხბურთელი, ბექა ხარშილაძე შეეხო და ავტოგოლი ჩაეთვალა.

ქუთაისელები 72-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მთავარმა არბიტრმა ლაშა შერგელაშვილს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. 86-ე წუთზე კი ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა. ფოთელთა თავდამსხმელთან, ვალერი ოლხოვთან მცირე შეჯახების შემდეგ „ტორპედოს“ მცველი გიორგი ქობულაძე მოედანზე წაიქცა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის გამო თამაში დაახლოებით 14 წუთით შეწყდა. შემდეგ კი გაგრძელდა და 90+13-ე წუთზე მასპინძელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც გიორგი ახალაძემ ულამაზესი გოლით დააგვირგვინა და „კოლხეთი“ ნახევარფინალში გაიყვანა.

ამრიგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:


7 ნოემბერი, სამშაბათი


ფოთი, „ფაზისი“

18:00 „კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი)

თბილისი, „დავით პეტრიაშვილია არენა“

20:00 „საბურთალო“ – „სამგურალი“