ეროვნულ ლიგაში გადასული ფოთის „კოლხეთი 1913“ განახლებული შემადგენლობით მოემზადება #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში გადასული ფოთის „კოლხეთი 1913“ განახლებული შემადგენლობით მოემზადება #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“ ეროვნულ ლიგაში გადავიდა და ახალი სეზონისთვის განახლებული შემადგენლობით მოემზადება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა მცველმა ბექა ხარშილაძემ, რომელიც ახალ სეზონშიც ფოთის გუნდის ღირსებას დაიცავს. ხოლო რაც შეეხება ნახევარმცველ ანატოლი მესიაჩენკოს, მას „კოლხეთი 1913“-თან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და კლუბში დარჩება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გუნდი დატოვეს „კოლხეთის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დათა სიჭინავამ და მცველმა ზურაბ ჯაფიაშვილმა. ახალი კონტრაქტები გააფორმეს ლაშა გვალიამ, დათო მეგრელიშვილმა, გიორგი ახალაძემ, დავით ზურაბიანმა, ცოტნე ჩიქოვანმა, ერეკლე ჯიჯავაძემ. დემეტრე გვასალიასა და გიორგი ხარებავას „კოლხეთი 1913“-თან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ და 2024 წლის სეზონშიც შავიზღვისპირელთა შემადგენლობაში იასპარეზებენ.

„კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობა ქვეყნის უძველესი კლუბის გაძლიერებას ცდილობს და მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან აწარმოებს. მათი ვინაობა, სავარაუდოდ, 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი.