საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე ჩივაძე - ყიფიანი საქართველოში ხალხის სიხარული იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე ჩივაძე - ყიფიანი საქართველოში ხალხის სიხარული იყო #1TVSPORT

ქართული ფეხბურთის ლეგენდის, დავით ყიფიანის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა საფეხბურთო „ტაიმაუტის“ დღევანდელი გადაცემა, რომლის სტუმრები იყვნენ ოქროს თაობის „დინამოს“ კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მოთამაშე ნუკრი კაკილაშვილი და დავით ყიფიანის ვაჟი, თბილისის „ლოკომოტივის“ დირექტორი გიორგი ყიფიანი.

ვლადიმერ გუცაევი: „მაჩაიძე რომ წავიდა, კაპიტანი უნდა დაენიშნათ. ასეთ დროს არავინ დაფიქრდებოდა, რადგან ყიფიანი გვყავდა. პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი მოთამაშე იყო. ახალკაცმა კი კაპიტნად შედარებით ახალგაზრდა ჩივაძე დანიშნა. საშა, ეს არასოდეს მიკითხავს, რა გრძნობა იყო ყიფიანის გუნდში კაპიტნად რომ იყავი?“.

ალექსანდრე ჩივაძე: „ეს დათოს გადაწყვეტილება იყო. მითხრა არჩევნებამდე, შენ კაპიტნად გირჩევთო. არადა, გუნდში იმდენი დიდი ფეხბურთელი იყო, არც მიფიქრია, მაგრამ ყიფიანმა მითხრა, ამაზე არც დაფიქრდეო. სანამ ახალკაცი არ მოვიდა, დათო მარცხენა გარემარბად თამაშობდა“.

ვლადიმერ გუცაევი: „(იცინის) არ ვიცოდი, ასეთი შეთქმულება თუ იყო. ხუმრობა იქით იყოს და ჩვენთან გასახდელში დემოკრატია იყო. რაც შეეხება დათოს, ახლა ის ძალიან მაკლია მეც და ყველას“.

ნუკრი კაკილაშვილი: „1978 წელს „დინამოში“ მიმიწვიეს და ლეგენდებთან მოვხდი. ყიფიანს ვბაძავდი და თავად მითხრა, ბაზაზე ჩემს ოთახში იქნებიო? წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. ვაკვირდებოდი, როგორ ემზადებოდა და ცხოვრობდა. ჯერ უდიდესი ადამიანი იყო და მერე ძალიან მაგარი მოთამაშე. ძალიან მეხმარებოდა“.

ვლდიმერ გუცაევი: „1978 წლის მსოფლიოს ფინალში მთელი გუნდი ნიდერლანდებს გულშემატკივრობდა და მარტო მე და დათო ვიყავით არგენტინის მხარეს“.

გიორგი ყიფიანი: „მე პატარა ვიყავი და ბუნებრივია, სერიოზულად არ ვლაპარაკობდით, მაგრამ მახსოვს, რომ კრუიფი ძალიან მოწონდა. მე ვგრძნობ ხალხის დიდ სიყვარულს, რაც ამ დროის განმავლობაში არ ნელდება. 13 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა, მაგრამ მოვასწარით მეგობრობა. ზომიერად მკაცრი, მაგრამ თბილი იყო“.

ალექსანდრე ჩივაძე: „გამოავლინა თუ არა მაქსიმუმი? ვსაუბრობდით, რატომ არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე დათო და ვოვა. მანამდე საბჭოთა კავშირის ნაკრებში არგენტინაში 6 ქართველი ვიყავით, მაგრამ იქ ფეხი ასტკივდა და მითხრა, რომ ასე თამაში გაუჭირდებოდა. კარგი გამახსენდა. იგორ ფესუნნეკო იყო ჟურნალისტი, ბრაზილიურ ფეხბურთზე წიგნი დაწერა, სადაც ამბობს – ბრაზილიაში გარინჩა ხალხის სიხარული იყოო. ყიფიანი საქართველოში ზუსტად ხალხის სიხარული იყო. არ მითქვამს და ახლა ვამბობ. გია ფერაძეს იღებდნენ „არასერიოზულ კაცში“ და მე და დათოს გვეუბნება, რეჟისორს ვეტყვი და ეპიზოდში გადაგიღებთო. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა. არადა, ხალხის მეხსიერებას კინოდანაც შემორჩებოდა“.