საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე ნაკრების პრობლემებზე – თაობათა ცვლას სქემის შეცვლაც დაემატა #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
„ნაკრებში თაობათა ცვლა დაიწყო, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. სერიოზული და გამოცდილი მცველები, რომელთა ხარჯზე გუნდი საიმედოდ თამაშობდა, შეიცვალა და ეს პროცესი უმტკივნეულოდ ვერ წარიმართა, რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა.
ამას სქემის შეცვლაც დაემატა – 4 მცველით თამაში სრულიად განსხვავებულია. დიდი ხნის განმავლობაში 5-მცველიან სქემას ვიყენებდით, ხოლო ასეთ ცვლილებაზე გადასვლა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფლანგის მცველების კვალიფიკაცია. ეს ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.
ფლანგელებს შეტევაში თამაში კარგად გამოსდით – წიტაიშვილს და გოჩოლეიშვილს, თუმცა დაცვაში პრობლემები გვაქვს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო დაგვაკლდა კაკაბაძეც, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ეფექტურად თამაშობს როგორც 4-მცველიან, ისე 5-მცველიან სქემაში.
ლოჩოშვილს შეუძლია მარცხენა მცველად თამაში და ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა ცენტრალური მცველების დეფიციტის გამო ცენტრში მოუწია გადაწევა. მარცხენა ფლანგზე ნომინალური მცველი არ გვყავდა. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა“, – განაცხადა ცხადაძემ.