უნგრული მედია – დომინიკ სობოსლაი თბილისში ან არ ითამაშებს, ან მოედანზე მხოლოდ 20-30 წუთით შევა #1TVSPORT
ითამაშებს თუ არა დომინიკ სობოსლაი საქართველოსთან 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე? შეხვედრა ხვალ, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე „მიხეილ მესხის“ არენაზეა დაგეგმილი და უნგრეთის ნაკრების ლიდერის ირგვლივ ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია.
8 ნოემბერს, „კრისტალ პალასთან“ 3:1 მოგებულ მატჩში, „ლივერპულის“ უნგრელი ვარსკვლავი 69-ე წუთზე შეცვალეს, მან მუხლი დაიზიანა. ფეხბურთელს ბუდაპეშტში ჩასვლისთანავე გამოკვლევა ჩაუტარდა და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ მისი თამაშის შესახებ გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებენ.
უნგრული პრესა ამ თემაზე უკვე ოთხი დღეა წერს და მთავარი გზავნილი ყველგან ერთია – „ბოლო წუთს გადაწყდება“. მართალია, ის თბილისში ნაკრებთან ერთად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უნგრული მედიის მიხედვით, ყველაზე სავარაუდო სცენარი ასეთია: თბილისში ან არ ითამაშებს, ან მოედანზე მხოლოდ 20-30 წუთით შევა, რათა 17 ნოემბრის მატჩისთვის სრულფასოვან ფორმაში იყოს.
როგორც ირკვევა, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როსი სიფრთხილეს იჩენენ და იტალიელი სპეციალისტი სობოსლაის გარეშე თამაშის ვარიანტისთვისაც ემზადება. პრესის ცნობით, თუ კაპიტანი ვერ ითამაშებს, როსის წინაშე სამი გამოსავალია.
ვინ შეცვლის მას? – ეს უნგრეთში ყველაზე განხილვადი თემაა. მის შემცვლელად 30 წლის ნახევარმცველს, იოჟეფ ურბლიკს მოიაზრებენ, რომელიც აქამდე სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და უნგრეთის ეროვნული გუნდის მაისური არასოდეს მოურგია. შესაბამისად, შესაძლოა, მისი დებიუტი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ, თბილისში შედგეს.
უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, როლანდ შალაიმ 11 ნოემბერს M4 Sport-ს უთხრა: „სობოსლაი ყველაფერს აკეთებს, რათა ითამაშოს. იმედი მაქვს, შაბათის მატჩი სამუდამოდ დამამახსოვრდება და საქართველოში კარგი თამაშით სამ ქულას ავიღებთ. ვფიქრობ, სობოსლაი ორივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“.
საინტერესოა, რომ პრემიერლიგის კიდევ ერთი უნგრელი ლეგიონერი, მილოშ კერკეზი, ასევე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. თუმცა ის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება და, სავარაუდოდ, ითამაშებს.
უნგრეთისთვის ეს მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველია, უნგრეთი 7 ქულით – მეორე, უკრაინა 4 ქულით – მესამე, ხოლო საქართველო 2 ქულით – მეოთხე.