საფეხბურთო ტაიმაუტი | „დილას“ დირექტორი – გორში ახალი სტადიონის აშენება ფეხბურთის პოპულარიზაციასა და მაყურებლის მოზიდვაში ძალიან დაგვეხმარება #1TVSPORT
უახლოეს მომავალში გორის „დილა“ ახალ სტადიონზე ითამაშებს, – ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჯოხაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.
„ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება სტადიონზე მაყურებლის მოზიდვას. ახალი არენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადამიანებში ინტერესს აჩენს, რომ თამაშზე სხვა გარემოში მივიდნენ. ვფიქრობ, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციასა და გულშემატკივრის რაოდენობის ზრდაში ძალიან დაგვეხმარება.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არსებული სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მაგალითად, ევროტურნირების პლეი ოფის მატჩებს გორში ვერ ვუმასპინძლეთ. შარშან აპოელ-თან შეხვედრა გორში რომ გამართულიყო, დარწმუნებული ვარ, არ წავაგებდით.
გორი იმ პროექტების ჩამონათვალში არ შედიოდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სტადიონებისა და მოედნების მშენებლობას ითვალისწინებდა – ქობულეთიდან დაწყებული, კახეთით დასრულებული, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები არაერთ ქალაქში აშენდა. ახლა ეს საჭიროებები სწორად არის გააზრებული და უახლოეს მომავალში გორში სპორტული ინფრასტრუქტურის ერთიანად მოწყობა იგეგმება“, – ამბობს გიორგი ჯოხაძე.