საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებს.

„არჩევნები მოჰყვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას ქვეყანაში, მათ შორისაა, შერეული საარჩევნო სისტემის მოდიფიკაცია, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის ივნისში. აღნიშნული რეფორმები ეფუძნებოდა დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების რეკომენდაციებს მრავალი საარჩევნო ციკლის განმავლობაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მეტად პლურალური მთავრობის მშენებლობისკენ, საარჩევნო კამპანიის ხარჯვის გამჭვირვალობისკენ და საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიის უჩვეულო პერიოდში – გლობალური პანდემიის დროს – ის წარმოადგენს შესაძლებლობას, საქართველომ გაატაროს რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს გაზრდილ პოლიტიკურ და გენდერულ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში, პრობლემების მოგვარებაზე დაფუძნებული პოლიტიკურ დიალოგის განვითარებასა და ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას მრავალწლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

IRI-ს ცნობით, ანგარიში მოიცავს ექვსი გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ წარმოებულ შეფასებას, რომლებიც 2020 წლის სექტემბრიდან იმყოფებიან თბილისში და ფარავს წინასაარჩევნო პერიოდს 30 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

როგორც IRI-ს ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საარჩევნო პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი წარადგენს მოკლევადიან რეკომენდაციებს.

მთავრობისადმი რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:

„საქართველოს თითოეული ამომრჩევლის, საარჩევნო მოხელეებისა და პოლიტიკური აქტორების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებმა განაგრძონ საზოგადოების ინფორმირება „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში ხმის მიცემის პროცედურებისა და უსაფრთხოების/სანიტარული ზომების შესახებ. ამასთან, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა მხარდამჭერმა დაიცვან არჩევნების დღისთვის დაწესებული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების წესები.

მთავრობამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ განუწყვეტლივ რეჟიმში განამტკიცონ და საზოგადოებას გააცნონ საჯარო მოხელეების უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის არეალი, და აკრძალონ მათ მონაწილეობა პარტიულ საქმიანობაში, ასევე მათი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, დადასტურებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები იყოს საჯარო და სანქცირებული.

გარე წყაროებზე ზედმეტი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით, კამპანიის ფინანსების შესასწავლად სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა ჩადოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გასაძლიერებლად, რათა მან მოახერხოს სრულყოფილად და პროფესიონალურად გამოიძიოს კამპანიის ფინანსების ფაქტები, დააჯარიმოს კანონდამრღვევები და დროულად და გამჭვირვალედ გამოაქვეყნოს აუდიტის მიგნებები.

სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ და უზრუნველყონ დროული სანქციები იმ სამართალდამრღვევთა მიმართ, რომელთა ქმედებები დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებასთან, საარჩევნო დარღვევებთან, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ ძალადობასთან.

საჩივრები, რომლებიც არ უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას უნდა განიხილოს სხვა კომპეტენტურმა უწყებამ, რომელსაც აქვს სათანადო სამართლებრივი საშუალებები რესურსი და ექსპერტიზა საჩივრების განხილვისა და გადასაჭრელად გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო დავების სისტემა უნდა იქნას გადახედილი იმგვარად, რომ ქვედა დონის საარჩევნო კომისიებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსი საარჩევნო დარღვევების სწრაფად გადასაჭრელად“, – აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

მედიისადმი გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა დაიცვან და შეინარჩუნონ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიის როლი დემოკრატიულ სისტემაში.

„მედიასაშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ახალი ამბების შინაარსის მნიშვნელოვნად რედაქტირებისაგან და მკაცრად დაიცვან სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინმედიაში ეთიკის ნორმების დაცვით მაუწყებლობის უნივერსალური ნორმები და პრაქტიკა.

პოლიტიკური მიკერძოების აღქმის შესამსუბუქებლად და მედიაინსტიტუტებისადმი ნდობის ასამაღლებლად, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს სატელევიზიო შინაარსის მიუკერძოებლობა და ფართო აუდიტორიის ჩართვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პოლიტიკური აქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციული კამპანიური რიტორიკისგან და მიიღონ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები, რომლებიც წარმოაჩენს მათ საკითხებზე ორიენტირებულ გეგმებს, საზოგადოებაში არსებული განხეთქილების აღმოსაფხვრელად.

„პოლიტიკური პარტიები უნდა მიესალმებოდნენ და იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, ჩაერთონ კონსტრუქციულ დებატებში, რომელიც შეეხება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობისა და მარგინალური ჯგუფების პრობლემებს.

პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა აარიდონ და საჯაროდ დაგმონ სოციალური მედიის მანიპულირება, რომლის საშუალებითაც ხდება პარტიული იდენტობების განზრახ დაფარვა, ამომრჩეველში უთანხმოების გაზრდა და დეზინფორმაციის საშუალებით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა კოორდინატორებმა უნდა დაიცვან პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები, რათა გამორიცხონ საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან ოპონენტების კამპანიაში ჩარევა, და საჯაროდ დაგმონ ამომრჩევლის იძულება, დაშინება, მოსყიდვა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის კიბერბულინგი.

პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა საარჩევნო გადაცდომების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის შესაგროვებლად; საარჩევნო დავების სწორად წარსადგენად და გამოსწორების სათანადო გზების დასადგენად“, – აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

ანგარიშში საუბარია 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებაზე.

„2012 წლის ისტორიული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეცვალა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორად დარჩა, რაც ნათლად აჩვენებს საქართველოს პროგრესს დემოკრატიულ განვითარებაში. წარსულში, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრიდან სრულად ქრებოდნენ. 2012 წლის შემდეგ სწორედ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე 2019 წლის ივნისის მოვლენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ივლისსა და სექტემბერში საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლებიც პასუხობდა დამკვირვებელთა რეკომენდაციებს, ცესკო-ს ტექნიკურ რეგულაციებს და „კოვიდ-19“ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

„ცვლილებები ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების მეტად დაბალანსებული შემადგენლობის უზრუნველყოფას, საარჩევნო დავების განხილვის ვადების შემცირებას, არჩევნების დღეს, უბნებზე პარტიული აქტივისტების აქტივობების შეზღუდვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პირობების გაუმჯობესებას და „კოვიდ-19“ პანდემიის საპასუხო უსაფრთხოების ნორმებს. აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და აჩვენებს საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული განვითარებისკენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც IRI-ს ანგარიშშია აღნიშნული ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განახორციელა საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტები ყველა ტიპის მედიასაშუალებისა თუ ამომრჩეველთა ინფომირების სხვა მეთოდის გამოყენებით.

ანგარიშში ასევე საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასა და „კოვიდ-19“-ის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ივლისში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილი მიზნად ისახავდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების პრევენციას და ავალდებულებდა ცესკო-ს, მიეღო საჭირო სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტები არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. შესაბამისად, ცესკო-მ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა საჭირო სანიტარული პროცედურები, მათ შორის, უბანზე მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვის საკითხი, ამომრჩეველთა ნაკადის კონტროლის ახალი მექანიზმები და არჩევნების ორგანიზება პენიტენციურ დაწესებულებებში, ხმის მიცემის პროცედურები დაინფიცირებული და კარანტინში მყოფი ამომრჩევლებისთვის. ოქტომბერში „კოვიდ-19“ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დამძიმებული პანდემიური სურათის ფონზე შედგა. 19 ოქტომბერს ცესკო-მ გამოსცა დადგენილება, რომელიც არეგულირებს საკარანტინე და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე, ოფიციალურად თვითიზოლაციაში დარეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურებს. ასეთი ამომრჩევლები ხმის მიცემას სპეციალური გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ, რომელთაც მოემსახურებიან ე.წ. „სპეციალური ჯგუფები“, ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმების გათვალისწინებით. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნა უნდა დაეფიქსირებინათ ცესკო-ს სატელეფონო ზარის მეშვეობით 26 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადა გახანგრძლივდა 27 ოქტომბრამდე, ასევე, ცესკო-ს სხვა დადგენილებით.

დაგვიანებით მიღებულმა 19 ოქტომბრის დადგენილებამ ცესკო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. საარჩევნო ადმინისტრაციას 127 სპეციალური ჯგუფის 762 წევრი სამ დღეში უნდა შეერჩია. ეს პროცესი განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული აჭარაში, რადგან რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იმატა. 21 ოქტომბერს ცესკო-მ გადაწყვიტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებსაც შვიდ წევრზე ნაკლები ეყოლებოდა, სპეციალურ ჯგუფებად გარდაექმნა, რათა მაქსიმალურად შეემცირებინა „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი.

დადებითად უნდა შეფასდეს ცესკო-ს პროაქტიული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფას, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ჯერ კიდევ უცნობია, შემცირდება თუ არა ამომრჩევლის აქტიურობა მძიმე პანდემიური სურათიდან გამომდინარე. ასევე, რთულად განსაჭვრეტია, მოახდენს თუ არა გავლენას „კოვიდ-19“- ის პანდემია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე. 24 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკო-ს აკრედიტაციით, საარჩევნო პროცესებში ჩართულია 126 ადგილობრივი და 34 საერთაშორისო ორგანიზაცია და 84 მედიასაშუალება, რომლებიც ჯამში 2300 ჟურნალისტს აერთიანებს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ არჩევნებში, საარჩევნო უბნებზე მედიის წარმომადგენლების დიდი რაოდენობის მობილიზაცია აჩენდა ეჭვს, რომ ჟურნალისტები პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების როლს ასრულებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მიმოხილულია წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც, ავტორთა თქმით, მძიმე პანდემიური სურათის გამო, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, იყო ნაკლებად მასშტაბური.

„თუმცა, გაგრძელდა კამპანიის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა კარ-და-კარი და სათემო შეხვედრები, ტრადიციული მედიისა (სატელევიზიო გადაცემები, დებატები, ფასიანი და უფასო საარჩევნო რეკლამები) და სოციალური მედიის კამპანიები. ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე პარტიის რიტორიკა მაინც მოიცავდა პოპულისტურ მესიჯებს, თუმცა, ინდივიდუალური და სათემო შეხვედრები კონკრეტული პროგრამის მოგვარებისკენ მიმართულ საკითხებს აჟღერებდა. სოციალურ მედიაში (უმეტესად Facebook-ზე) აქტიურობა პარტიების მიხედვით განსხვავდებოდა, ამასთან, უმეტესწილად, პარტიის პროგრამულ პრიორიტეტებს ეფუძნებოდა. თუმცა, ნეგატიური სოციალური კამპანიები, რომლის უკან ხშირად იდგა ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ყალბი ანგარიშები და გვერდები, ზარალს აყენებდა იმ ძალისხმევას, რომელიც პრობლემებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანიის წარმართვას ემსახურებოდა.

13 და 15 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა სატელევიზიო დებატები. IRI-ს დაკვირვებით, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობამ „თავისუფალი საქართველო“, დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. IRI-ს ინფორმაციით, აღნიშნული სატელევიზიო დებატები იყო თითქმის ერთადერთი, რომელშიც მმართველმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო, რომელიც უმეტესწილად თავს არიდებს ოპოზიციურად განწყობილ მედიაში მონაწილეობას. პოლიტიკური პარტიები ხშირად არ ერთვებიან დიალოგში, რომელიც საკითხებსა და პრობლემებზეა ორიენტირებული. ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება მრავალპარტიული დემოკრატიის ღირებულებებს და პარტიებისა თუ კანდიდატებისთვის ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამისა და ხედვის გაცნობის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წინასაარჩევნო ანგარიშში ასევე საუბარია დარღვევების შესახებ მიღებულ ცნობებზე.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა მიიღეს ცნობები დარღვევების შესახებ, რომლებიც მოიცავს კამპანიის აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებს; კამპანიის ინვენტარის/ქონების დაზიანებას; ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საარჩევნო მიზნით. გარდა ამისა, ცნობები მოიცავდა ინფორმაციას საარჩევნოდ ამომრჩევლის დასაშინებლად, ე.წ. „ძალოსნების“ შერჩევას. სერიოზული დარღვევების შესახებ ფაქტები იყო ნაკლები, თუმცა,
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ცნობილია სერიოზული დარღვევის ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გეოგრაფიული მდებარეობა ქართული ოცნების ოფისთან ახლოს (შესასვლელიდან 10 მეტრის დაშორებით), ამცირებს ამომრჩევლის ნდობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და აღრმავებს
პოლიტიკურ დაძაბულობას.

IRI-ს ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების, კარტოგრაფების საქმეზე, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია. გარდა ამისა, საყურადღებოა ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ც გახდა თავდასხმის სამიზნე. სავარაუდოდ, ოპოზიციური ძალების აგიტატორებმა, ცესკო-ს საწინააღმდეგო ბანერები განათავსეს, რომლებითაც მოითხოვდნენ ცესკო-ს თავმჯდომარის დაპატიმრებას. ცესკოს განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას.

IRI-ს ანალიტიკოსებმა მიიღეს ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, როგორიცაა სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების ჩართულობა პოლიტიკურ კამპანიაში; სოციალური თუ სამედიცინო სერვისებისთვის პოლიტიკური განზომილების მინიჭება; სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. სახელმწიფოს რესურსების არამიზნობრივი გამოყენება დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წინასაარჩევნო ანგარიშში ასევე საუბარია საარჩევნო დავებზე.

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნა არჩევნებთან დაკავშირებული 250-მდე საჩივარი. საჩივრები შეეხებოდა რიგ დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, როგორიცაა საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა სამუშაო საათებში; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უბანზე არყოფნა. თუმცა, ბევრჯერ აღინიშნა, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერილი საჩივრები, ხშირად, უგულებელყოფილი იყო იმ მიზეზებით, რომ საჩივარი დაიწერა საჩივრის შედგენისა და წარდგენის წესის დარღვევით, ვადის ამოწურვის შემდეგ ან შეტანილი იქნა არასწორ საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულში.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავდა საარჩევნო კანონდარღვევის 72 შემთხვევას. პროკურატურის გადაწყვეტილებით, დღეისათვის მხოლოდ ორი მათგანის შემთხვევაში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და სამართლებრივი განხილვის საფუძველი. ამ უკანასკნელი ორი შემთხვევიდან სასამართლოში მხოლოდ ერთი იქნა წარდგენილი“, – ნათქვამია ანგარიშში.

წინასაარჩევნო ანგარიშში მიმოხილულია პარტიების დაფინანსების საკითხები.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა მიიღეს ანგარიშები პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმის თაობაზე, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი კონკრეტული კომპანიების ფართომასშტაბიან ტენდერებში გამარჯვებასა და მათ მიერ მმართველი პარტიისთვის გაწეულ შემოწირულობებს შორის, მიუხედავად ივლისის თვეში განხორციელებული ცვლილებებისა, რომლებიც ითვალისწინებდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით გამჭვირვალობის გაზრდას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო, აქვეყნებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების სრულ და ამომწურავ სიას. აუდიტის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, დააწესოს სანქციები პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსებაში სასამართლოს მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და პასუხისმგებელია პროკურატურისთვის პარტიის დაფინანსების სამართალდარღვევასთან დაკავშირებული კრიმინალური გამოძიების ანგარიშების მომზადებაზე. 25 ოქტომბრის მონაცემებით, აუდიტის სამსახურმა შეადგინა რვა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ და დააწესა შესაბამისი სანქციები (ხუთი შენიშვნა, ორი გაფრთხილება და ერთი ჯარიმა)“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ დეკლარაციები გაცილებით მაღალ თანხებს მოიცავდა, ვიდრე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჯამურად, თუმცა, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“
მიიღო ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი 2,599,290 ლარის ოდენობით.

„აგვისტოს თვეში, პირადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, გამოითქვა მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც, „პატრიოტთა ალიანსმა“ დაფინანსება მიიღო რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებული წყაროებისა და მოსკოვში დაფუძნებული ორგანიზაციის, POLITSECRETS-ისგან. თუმცა, ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დადასტურებულა. შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკო-ში შეიტანეს საჩივარი „პატრიოტთა ალიანსის“, როგორც კვალიფიციური სუბიექტის, რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით და მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას, დაეწყო გამოძიება პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღების ნიადაგზე. სადამსჯელო ქმედებები არ განხორციელებულა“, – ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის წინასაარჩევნო ანგარიშში.

დატოვე კომენტარი