საერთაშორისო პროექტის - The Synchromesh-ის მონაწილეები ცნობილია
საერთაშორისო პროექტის - The Synchromesh-ის მონაწილეები ცნობილია

საერთაშორისო პროექტის – The Synchromesh-ის მონაწილეები ცნობილია. პროექტ The Synchromesh-ს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკომისიასთან ერთად ახორცილებს, რაც რადიოთეატრის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის მონაწილეები შესაბამისი მიმართულებების პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიურის წევრების მიერ და პროექტის მონაწილე ორგანიზაციის, International arts-ის ჩართულობით შეირჩნენ.

რეჟისორი/პროდიუსერი – თამარ ჭინჭარაული;

სცენარისტი – გვანცა ფიფია;

მუსიკოსი – ვახტანგ ქანთარია;

მსახიობი – მარიამ მღებრიშვილი;

ხმის ინჟინრები – სანდრო ტუღუში და თამაზ კანდელაკი.

პროექტი The Synchromesh-ი მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს, სემინარებსა და საზაფხულო სკოლას. პროექტის საბოლოო მიზანია სახელოვნებო დარგის შემოქმედთა მოზიდვა, სწავლება და, საბოლოოდ, რადიოსპექტაკლის შექმნა.

პროექტის დასაწყისში მონაწილეები გაემგზავრებიან ორკვირიან საზაფხულო სკოლაში რუმინეთში, რომელშიც ჩაერთვებიან ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდები. მონაწილეები ასევე გაივლიან მასტერკლასებს, რომლებიც ჩატარდება მათსავე ქვეყანაში. ყველა მონაწილეს ექნება კავშირი პროფესიონალ მენტორთან თავისივე ქვეყანაში.

The Synchromesh-ი ტრანსნაციონალური პროექტია და რადიო აუდიოდრამის სფეროში კარიერით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. The Synchromesh-ი ემსახურება რადიოს ერთ-ერთი უძველესი ჟანრის, რადიოთეატრის პოპულარიზაციასა და განვითარებას. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მასში მონაწილეობას შვიდი ქვეყანა იღებს: საქართველო, ირლანდია, ალბანეთი, უნგრეთი, იტალია, უკრაინა და რუმინეთი.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეები ჩამოაყალიბებენ მცირე ჯგუფებს (4-5 წევრი), რომლებმაც უნდა შექმნან სრულმეტრაჟიანი (ერთი საათი) პროფესიონალური აუდიოდრამა.

მონაწილეებს პროექტის განხორციელებისთვის ექნებათ 18 თვე, რის შემდეგაც მოხდება პროექტის პრეზენტაცია და პრომოუშენი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რადიოთეატრს დიდი ტრადიცია აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წლით თარიღდება. შესაბამისად, წელს რადიოთეატრს 70 წელი შეუსრულდა. მანამდე კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში რადიოსპექტაკლები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.