აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს შორის იყო კამათი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რის გადაღებასაც ცდილობდა ოპერატორი, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

მათ პირველი არხის კამერას ააფარეს ხელი, დროშა და ბანერები.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ მართავენ აქციას. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.