გია მურღულია - საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთაშორისო აუდიტის დასკვნა არის პროფესიული კეთილსინდისიერების თვალსაჩინოება, მინდა, მადლობა ვუთხრა პირველი არხის მმართველ გუნდს
გია მურღულია - საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთაშორისო აუდიტის დასკვნა არის პროფესიული კეთილსინდისიერების თვალსაჩინოება, მინდა, მადლობა ვუთხრა პირველი არხის მმართველ გუნდს

პრაქტიკულად, არცერთ არსებით ხარვეზს არ ავლენს საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, რაც ძალიან დასაფასებელია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა მოისმინეს.

„საზოგადოებრივ მაუწყებლზე საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა არის ნდობის საფუძველი. მინდა, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მადლობა ვუთხრა პირველი არხის მმართველ გუნდს. აუდიტის დასკვნაში რაც წავიკითხე, ეს არის პროფესიული კეთილსინდისიერების თვალსაჩინოება. ეს ჩემთვის, როგორც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის, ძალიან სასიხარულო და საამაყოა“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მისი თქმით, ბოლო წლების ასეთმა პოზიტიურმა შედეგებმა, საერთაშორისო შეფასებებმა სასიამოვნო ტენდენციის სახე მიიღო.

„ვასილ მაღლაფერიძემაც აღნიშნა, რომ თამასა როდესაც გაიდება რაღაც სიმაღლეზე, მერე იქიდან დაბლა ჩამოწევა აღარ ვარგა. პრაქტიკულად, არცერთ არსებით ხარვეზს არ ავლენს ეს დასკვნა, რაც ძალიან დასაფასებელია, ხანდახან გასაკვირი ამბავიც არის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 33 000-ზე მეტ ფინანსურ ოპერაციაზე და იქ ხარვეზი კი არა, რამე არსებითი, უმნიშვნელო შენიშვნაც არ ჩანს. ეს მართლაც სასიამოვნოდ უცნაური ფაქტია. ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს, ეს არის ძალიან დიდი, მასშტაბური მშენებლობის, დიდი შესყიდვების, სხვადასხვა ფინანსური ოპერაცების წელი და მართლაც პატივისცემას იმსახურებს ყველა რგოლის მუშაობა, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ არაფერი თვალსაჩინო ხარვეზები არ ჩანს აჭარის ტელევიზიის შემოწმების შედეგებშიც. არის რეკომენდაციები, რომლებიც, რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოს ტელევიზიამ ყოველთვის. არსებითი ხასიათის შენიშვნებს ვერ ვხედავთ და მინდა, ვისურვო, რომ შემდეგ წლებშიც ასეთი ტენდენცია გაგრძლედეს“, – აღნიშნა გია მურღულიამ.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.