საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამ დრომდე უცნობი სამი ბაქტერია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამ დრომდე უცნობი სამი ბაქტერია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ჩვენს შორის ბინადარი ბაქტერიებისა და სოკოების სახეობები გამუდმებით იზრდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც დაბალი გრავიტაციის გარემოა, მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსური სადგური.

NASA-სთან ერთად მუშაობისას, ამერიკელმა და ინდოელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სხვადასხვა ადგილას ბინადარ ბაქტერიათა შტამები, რომელთაგან სამიც თანამედროვე მეცნიერებაში სრულიად უცნობია.

ოთხი შტამიდან სამის იზოლირება 2015-2016 წლებში შეძლეს — ერთი მათგანი სადგურის კვლევითი განყოფილების ზედა პანელზე იპოვეს, მეორე მოდულ კუპოლაში, მესამე კი სასადილო მაგიდის ზედაპირზე. მეოთხე ბაქტერიას 2011 წელს დედამიწაზე დაბრუნებულ HEPA ფილტრში მიაგნეს.

ოთხივე შტამი მიეკუთვნება ბაქტერიათა ოჯახს, რომელიც ნიადაგსა და მტკნარ წყლებში გვხვდება; ჩართულნი არიან აზოტის ფიქსაციაში, მცენარეთა ზრდაში და მცენარეებს პათოგენების შეჩერებაში ეხმარებიან.

ალბათ გაინტერესებთ, რა უნდოდა ნიადაგისა და მტკნარი წყლის ამ ბაქტერიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მაგრამ იქ მცხოვრები ასტრონავტები უკვე წლებია მცირე ოდენობით საკვებ მცენარეებს ზრდიან და შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ იქ სწორედ მცენარეებთან დაკავშირებული მიკრობები ვიპოვეთ.

HEPA ფილტრში ნაპოვნი ბაქტერია ცნობილი სახეობა აღმოჩნდა, სახელად Methylorubrum rhodesianum-ი. დანარჩენი სამის სეკვენირების შედეგად კი გაირკვა, რომ ყველა მათგანი მიეკუთვნება ერთსა და იმავე, აქამდე გაურკვეველ სახეობას; შტამებს IF7SW-B2T, IIF1SW-B5 და IIF4SW-B5 უწოდეს.

„ექსტრემალურ ადგილებში მცენარეების გაზრდისთვის, სადაც რესურსები მინიმალურია, სტრესულ გარემოში ზრდის დამხმარე ახალი მიკრობების იზოლაცია უმნიშვნელოვანესია“, — წერენ მკვლევრები.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მკაცრ გარემოში მიკრობებს რომ გადარჩენა შეუძლიათ, მეცნიერებმა უკვე იცოდნენ; ახლად ნაპოვნ ოთხ შტამს მკვლევართა ჯგუფმა გენეტიკური ანალიზები ჩაუტარა, რათა იმ გენებისთვის მიეგნო, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობენ მცენარეთა ზრდას.

„კოსმოსური სადგურის ბაქტერიათა მთლიანი გენომის მიმდევრობათა წყების გარკვევა და შემდეგ მათ გენომურ მახასიათებელთა დედამიწელ თანამოძმეებთან შედარება დაგვეხმარება იმ გენეტიკურ მსაზღვრელთა გამოვლენაში, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდნენ მცენარეთა ზრდას მიკროგრავიტაციის გარემოში; ეს კი სამომავლო გრძელვადიან კოსმოსურ მისიებში მცენარეების თვითკმარი, დამოუკიდებელი მეურნეობების შექმნაში დაგვეხმარება“, — წერს ჯგუფი.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სადგურის ერთ-ერთ შტამს, IF7SW-B2T-ს, მცენარის ზრდაში ჩართული იმედისმომცემი გენები აქვს, მათ შორის არის იმ ფერმენტის გენი, რომელიც გადამწყვეტია ციტოკინინისთვის; ციტოკინინი კი განაპირობებს ფესვებისა და ყლორტების უჯრედების დაყოფას.

ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. მკვლევრებმა იციან, რომ მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულ მიკრობთა ჯერ მხოლოდ უმცირეს ნაწილს მიაგნეს.

კვლევა Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.