ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხარე წიწაკას გაზრდის
ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხარე წიწაკას გაზრდის

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2019 წლის ნოემბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) ოდნავ უფრო ცხარე გახდება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ესპანიოლას სახეობის ცხარე წიწაკა (Capsicum annuum) პირველი მცენარე გახდება, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნაყოფს მოისხამს.

ნასას განცხადებით, მათ შეარჩიეს წიწაკის ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან მაღალი არ იზრდება და კარგად ეგუება კონტროლირებად გარემოს.

„ასტრონავტები ხშირად მოითხოვდნენ უფრო ცხარე და გემრიელ საკვებს. ცხარე წიწაკა ამ მხრივ ნამდვილად კარგი გამოსავალია. გარდა ამისა, შეიცავს დიდი ოდენობით C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია კოსმოსში კვების რაციონისთვის“, — ამბობს ნასას მცენარეთა ფიზიოლოგი რეი ვილერი.

ცხარე წიწაკის ათასობით ტიპს შორის „ესპანიოლა“ შეარჩიეს იმიტომ, რომ ის კარგად ხარობს ზღვის დონიდან მაღლა მდებარე რეგიონებში, აქვს ზრდის მოკლე პერიოდი და ადვილად იმტვერება.

კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტები და კოსმონავტები მცენარეებს წარმატებით ზრდიან 1982 წლიდან, როცა საბჭოთა „სალიუტ 7“-ის ეკიპაჟმა პირველად გაზარდა მცენარე Arabidopsis-ი.

 

რუსი კოსმონავტები კოსმოსში თავიანთ მოყვანილ საკვებს 2003 წლიდან ჭამენ, ამერიკელმა ასტრონავტებმა კი სალათის ფოთლები პირველად 2015 წელს გაზარდეს.

ამჟამად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ, მათ შორის სალათის ფოთოლი, ჭარხალი, ბოლოკი, ჩინური კომბოსტო და ბარდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბარდა ბოტანიკურად ხილს მიეკუთვნება და რუსები მას უკვე წლებია ზრდიან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში. ხილი ჯერ არ გაუზრდიათ ამერიკელ ასტრონავტებს, შესაბამისად, ცხარე წიწაკა მათთვის პირველი იქნება.

მიკროგრავიტაციის ქვეშ მცენარეები საკმაოდ რთულად იზრდებიან, რადგან მათი ფესვთა სისტემა კომპლექსურია და ორიენტაციისთვის დედამიწის გრავიტაციას იყენებენ.

თუმცა, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მცენარეებს წარმატებით ზრდიან სპეციალური ტიპის სინათლის, საკვები ნივთიერებებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით.

2018 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟდა მცენარეების ზრდის სპეციალური სისტემა, რომლის მიზანიც ასტრონავტების ჯანსაღი საკვებით მომარაგებაა.

ნასასთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მარსზე ადამიანთა გაგზავნის ამბიციური გეგმისათვის. წითელ პლანეტამდე ჩაღწევას ექვსი თვიდან წლამდე დასჭირდება და შესაბამისად, გზაში შესაძლებელი იქნება მცენარეების გაზრდა და მგზავრების ჯანსაღი საკვებით მომარაგება.

დატოვე კომენტარი