საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კოსმოსური ნაგვის ფრაგმენტი შეეჯახა და მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი დააზიანა — #1tvმეცნიერება
მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო. კოსმოსური ნაგვის უმცირესი ნარჩენი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რობოტულ მკლავ Canadarm2-ს შეეჯახა და დააზიანა.
ინსტრუმენტი კვლავ მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ გაირღვა და დაზიანდა მისი თერმული საფარი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამხელა პრობლემაა დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოსრიალე კოსმოსური ნაგავი, რომელიც ნამდვილი საათის მექანიზმზე მომუშავე ბომბია.
მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსური სააგენტო კარგად იცნობს კოსმოსური ნაგვის პრობლემას. დაბალ ორბიტაზე 23 000 ნარჩენის მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს მათი შეჯახება თანამგზავრებთან და კოსმოსურ სადგურთან, მაგრამ ისინი ზომით ბეისბოლის ბურთზე უფრო დიდებია.
ამაზე ნაკლები ზომის ნარჩენის მონიტორინგი და კვალზე მიყოლა ურთულესია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ორბიტული სიჩქარით მოძრაობენ, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ და ლითონის ფილების გარღვევაც კი შეუძლიათ.
სადგურის რობოტული მკლავი Canadarm2 კანადის კოსმოსური სააგენტოს მიერ არის შექმნილი და 20 წლის წინ დაამონტაჟეს. დამზადებულია ტიტანისგან და სადგურის გარეთ ობიექტებს მანევრირებაში ეხმარება, მათ შორის სატვირთო შატლებს და სადგურის შეკეთების ოპერაციებს.
უცნობია, ზუსტად როდის მოხდა შეჯახება. დაზიანება პირველად 12 მაისს შენიშნეს, რუტინული ინსპექციის დროს. დაზიანების ადგილის დეტალური ფოტოების გადაღებისა და შეფასებისთვის, NASA-მ და კანადის კოსმოსურმა სააგენტომ ერთობლივად იმუშავეს.
„მიუხედავად დაზიანებისა, ამჟამად მიმდინარე ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მკლავი კვლავ მუშაო მდგომარეობაშია. დაზიანებულია მისი პატარა მონაკვეთი და თერმული საფარი. Canadarm2 დაგეგმილ ოპერაციებს აგრძელებს“, — წერს კანადის კოსმოსური სააგენტო.
მართალია, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ამჯერად გაუმართლა, მაგრამ კოსმოსური ნაგვის პრობლემა სულ უფრო იზრდება. შარშან სადგურმა სამჯერ შეასრულა საგანგებო მანევრი, რათა თავიდან აეცილებინა კოსმოსურ ნაგავთან შეჯახებები.
1957 წელს ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის, „სპუტნიკ 1“-ის გაშვების შემდეგ, ორბიტაზე კოსმოსური ნაგავი გამუდმებით გროვდება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მოხსენების მიხედვით, ამჟამად დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს ანთროპოგენული წარმომავლობის 130 მილიონზე მეტი ფრაგმენტი, რომელთა ზომაც მილიმეტრზე მცირეა. ეს შეფასება არ მოიცავს ბუნებრივ კოსმოსურ მტვერს.
„იმისათვის, რათა გაგრძელდეს კოსმოსში ოპერირებადი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მონაცემებისგან სარგებლის მიღება, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ უკეთესი მიდგომა გამოვიჩინოთ კოსმოსური ნაგვის პრობლემისადმი“, — აღნიშნავს ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ნაგვის ოფისის ხელმძღვანელი ტიმ ფლორერი.
კანადის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Canadarm2-ით დაგეგმილი ოპერაციები უახლოეს მომავალში გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ორივე კოსმოსური სააგენტო მოვლენისა და სამომავლო რისკების შესაფასებლად მონაცემების შეგროვებას განაგრძობს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.