„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიისა და ხელფასების მატებისგან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო პენსიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ერთ-ერთი რეკომენდაციაა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს.
„ინფლაციის დონის მატების და ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ფონზე საბიუჯეტო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს თავსებადი გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკასთან. მთავრობის ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტის და გაზრდილი სახელმწიფო ვალის აღებას ნეგატიური გავლენა ექნება ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე;
მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა;
ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.