„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ორგანიზაციის დამკვირველების მიერ დაფიქსირდა 50-მდე დარღვევა და დაიწერა რვა საჩივარი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ორგანიზაციის დამკვირველების მიერ დაფიქსირდა 50-მდე დარღვევა და დაიწერა რვა საჩივარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს რვა საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

#79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

გარდა ამისა, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ. მათი თქმით, ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს ქმედება.

მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

#25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.

#69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.