„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია
საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯებს ეხება.
კვლევის თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში დაიხარჯა. კვლევა 121 საჯარო უწყებიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზს ეყრდნობა.
ამავე მონაცემებით, 2013-2017 წლებში, საჯარო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ, ლიდერობენ შინაგან საქმეთა; თავდაცვის; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები.
„პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა 2017 წელს ფიქსირდება, რაც შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებით იყოს გამოწვეული. ამ წელს პრესსამსახურის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი – 690 იყო, ხოლო მათ ხელფასებში დახარჯულმა თანხამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.
კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაცია 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.
„ასეთ სტრუქტურებში პიარისთვის დახარჯული თანხა სავარაუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ და უცხოენოვან საინფორმაციო ვებგვერდს agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს ორგანიზაციის მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“.