„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ბოლო წლებში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავი ლარის გაუფასურებისა და აქციზის ზრდის გამო არ გაიაფდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, კერძოდ, საწვავის ხარისხი, ფასები, ბაზრის სტრუქტურა და ა.შ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევამ გარკვეული მიგნებები გამოავლინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა, გარემოსდაცვითი დეპარტამენტი კი, პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას ავტოგასამართ სადგურებზე. შედეგად, 2018 წელს ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა არსად არ გამოვლინდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მათ კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმეს და ყველა შესწავლილი ნიმუში სტანდარტებს შეესაბამებოდა, გარდა ერთისა.
რაც შეეხება საწვავის ფასებს, კვლევის თანახმად, შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბოლო 5 წელში ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავი იმის გამო არ გაიაფდა, რომ ამ პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 53 პროცენტით გაუფასურდა და აქციზის გადასახადი გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაზრის სტრუქტურაც შეისწავლა და დაადგინა, რომ 2013 წლიდან საქართველოში საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორების რაოდენობა 2012 წელს შვიდს შეადგენდა, 2018 წელს მათი რაოდენობა 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი, 93.4 პროცენტიდან 69.5 პროცენტამდე შემცირდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ საავტომობილო საწვავის ბიზნესი სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ამ ბიზნესიდან ბიუჯეტი 1.3 მლრდ ლარით შეივსო, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების მეათედია.