კონკურენციის სააგენტო - 2023 წლის ბოლოს ნავთობკომპანიები საწვავს გაზრდილი ფასნამატით ყიდდნენ
კონკურენციის სააგენტო - 2023 წლის ბოლოს ნავთობკომპანიები საწვავს გაზრდილი ფასნამატით ყიდდნენ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, ხუთი იმპორტიორის – 67%-ს. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზრო წილების სახით.

როგორც ანგარიშში წერია, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 62.5%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი – 15.3%-ით და ბულგარეთი – 9.4%-ით. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საცალო ბაზარზე 1194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა. მათ შორის ხუთი წამყვანი გასამართი სადგურის წილი გასამართი სადგურების რაოდენობაში 66.2%-ია.

„საწვავის საცალო ბაზარზე 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის – მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში – რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი ერთ ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში – სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ საქართველოში ფასი შემცირდა, საშუალოდ, ერთ ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში – 30 თეთრით.

2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად, მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაგ., რეგულარის მარკის საწვავზე მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა 2023 წლის ნოემბრის თვემდე 10-20 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს“, – ნათქვამია სააგენტოს მიმოხილვაში.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა ბაზარზე რეალიზებული საწვავის ღირებულება, საიდანაც დგინდება, რომ ნავთობკომპანიები რუსულ საწვავს საშუალოდ უფრო მაღალი ფასნამატით ყიდდნენ, ვიდრე ევროპულ საწვავს, ამის მიზეზი კი რუსული საწვავის შესყიდვის, ანუ თვითღირებულების შედარებით დაბალი ფასი იყო.

„2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას“, – წერია ანგარიშში.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის იანვარში, ასევე, სახეზეა საცალო ფასების შემცირება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში, ძირითადად, თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.

სააგენტო აგრძელებს ბენზინისა და დიზელის ბაზრის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზრის მონიტორინგს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ბოლო პერიოდში საცალო ფასთან დაკავშირებული ქმედებების შეფასებისთვის საჭიროა ერთობლივი ანალიზი 2024 წლის პირველ კვარტალთან ერთად.