„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - 2013-2017 წლებში, აჭარაში ერთ ლარად რვა მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა
2013-2017 წლებში აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად რვა მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა, თუმცა უმრავლესობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთ ლარად აჭარის მთავრობის მიერ გასხვისებული ქონების კვლევის შედეგებში, რომელიც დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ბათუმის ოფისმა გამოაქვეყნა.
„ის, რომ გასხვისება არ ხდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აჩენს კორუფციასთან დაკავშირებით რისკებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადაცემული ობიექტები ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და საბაზრო მოთხოვნა დიდია“, – განაცხადა ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭკადუამ.
კვლევის თანახმად, კითხვით ნიშნებს აჩენს და საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რვა იურიდიული პირიდან, რომლებსაც ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ, ოთხი რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით, ერთი კი რამდენიმე დღით ადრე.
კვლევის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიების ნაწილთან დაკავშირებულ პირებს განხორციელებული აქვთ პოლიტიკური შემოწირულობებიც ჯერ ნაციონალური მოძრაობის, შემდგომში კი „ქართული ოცნებისთვის“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, აუცილებელია ინვესტორის შერჩევა კონკურენტულ გარემოში, მათ მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტური მონიტორინგი და ერთ ლარად ობიექტის გასხვისების დროს მყიდველის შერჩევის ზუსტი კრიტერიუმების დადგენა.