საბერძნეთში 3500 წლის წინანდელი, ძვირფასეულობით სავსე სამარხები აღმოაჩინეს
საბერძნეთში 3500 წლის წინანდელი, ძვირფასეულობით სავსე სამარხები აღმოაჩინეს

მართალია, მათი სახელები არ ვიცით, მაგრამ ორი ადამიანი, რომელიც 3500 წლის წინ ბრინჯაოს ხანის საბერძნეთში ცხოვრობდა, წარმოუდგენლად გავლენიანი უნდა ყოფილიყო საკუთარ საზოგადოებაში. მათი საფლავები არქეოლოგებმა ახლახან აღმოაჩინეს; სამარხები იმდენად მდიდრულია, რომ ერთ დროს ისინი ოქროს ფურცლებით მოვარაყებული და დახვეწილი ძვირფასეულობით ყოფილა სავსე.

მკვლევართა განცხადებით, ამ აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ადრეული ბერძნული კულტურის შესასწავლად.

ორი საფლავი აღმოაჩინეს ადგილზე, რომელსაც პილოსს უწოდებენ, გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას. მათ გვერდით 2015 წელს კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც მებრძოლს ეკუთვნის და სავსე იყო 3000 ერთეულამდე ძვირფასეულობით, მათ შორის სამკაულებით, მძივებით, იარაღებითა და ჩუქურთმებით.

ახლად აღმოჩენილი სამარხები მიწაში ჩამალული სკის ფორმის გუმბათოვანი სტრუქტურებია. წარსულში ისინი გაუძარცვავთ, მაგრამ ერთ დროს განსაკუთრებით მდიდრული უნდა ყოფილიყო.

მკვლევართა ჯგუფმა იპოვა ოქროს ფურცლების ათასობით ფრაგმენტი, მძივები, საიუველირო ნაკეთობები და გამოჭრილი ბეჭედი ქვები.

ცინცინატის უნივერსიტეტის არქეოლოგის, შერონ სტოკერის განცხადებით, მათ აღმოჩენისთანავე გააცნობიერეს, რომ გვერდით არსებული მებრძოლის სამარხის მსგავსად, საქმე ეხებოდა ნამდვილად მნიშვნელოვან აღმოჩენას.

სამარხებს თოლოს VI და თოლოს VII უწოდეს; პირველის ზომა 12 მეტრია, მეორისა კი 8,5 მეტრი. Მათი პოვნა არც ისე იოლი იყო. ორივე გუმბათი დიდი ხნის ჩანგრეულია და მცენარეულობით არის დაფარული. აეროფოტოზე თქვენ მათ ერთს ცენტრში ხედავთ, მეორეს კი მარჯვნივ. მარცხენა ნაწილში ჩანს სამარხი თოლოს IV, რომელიც 1939 წელს აღმოაჩინეს.

საფლავების გათხრა და მათში არსებული საგნების აღრიცხვა ზედმეტად გულმოდგინე მუშაობას მოითხოვს; პროცესი 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. რომ არა ჩანგრეული გუმბათები, საფლავები ალბათ თავიანთ საიდუმლოებს ვერც შეინახავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის წინ მაინც გაუძარცვავთ, ჩანგრევამ ნამდვილად დაიცვა შემდეგი ძარცვებისგან.

გადარჩენილი განძი თვალწარმტაცია და მიკენის პერიოდს ეკუთვნის, რომელიც ძვ. წ. 1600-1100 წლებში გრძელდებოდა. აღმოჩენილია იმპორტირებული ძვირფასეულობაც — წითელი სარდიონი, ბალტიის ქარვა და ეგვიპტური ამეთვისტო.

საფლავები სავსე იყო ოქროთი. განსაკუთრებით უნიკალურია ერთი ოქროს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ორი ხარი და ქერის თავთავები, რომელიც იმ დროს მნიშვნელოვანი კულტურა იყო.

ცინცინატის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ჯეკ დევისის განცხადებით, ბეჭედზე გამოსახულია მეცხოველეობის მნიშვნელოვანი სცენა — საქონელი და მარცვლეულის წარმოება, რაც სოფლის მეურნეობის საძირკველს წარმოადგენს. ეს გახლავთ მარცვლეულის ერთადერთი გამოჩენა კრეტის, იგივე მინოსის ცივილიზაციის ხელოვნებაში.

საფლავებში აღმოჩენილ ოქროს ყელსაბამზე გამოსახულია ეგვიპტური მითოლოგიის ცის ქალღმერთი ჰატჰორი, როგორც დედაღვთაება, სიკვდილის შემდეგ სულების მეგზური.

კიდევ ერთი უჩვეულო ობიექტია აგატის ქვისგან გამოკვეთილი პლომბის ბეჭედი (მოცემულია ფოტოზე). მასზე ასახულია ორი მითოლოგიური პერსონაჟი ლომისებრი თავებით, რომლებსაც მინოსის გენიას უწოდებენ.

კიდევ უფრო უჩვეულოა ბეჭედზე დატანებული 16-ქიმიანი ვარსკვლავი — საკმაოდ გავრცელებული სიმბოლო საბერძნეთში ძვ. წ. VI საუკუნიდან, მაგრამ იშვიათი ადრეული პერიოდის სამარხების არტეფაქტი. საფლავებში ასევე აღმოაჩინეს ბრინჯაოსა და ოქროს სხვა არტეფაქტები.

სამარხების ასეთი სიმდიდრე იმაზე მიუთითებს, რომ იქ დამარხული ადამიანები მდიდრები და მაღალი სტატუსის იყვნენ. ასევე ნათელი ხდება, რომ პილოსი, ხმელეთიდან საკმაოდ ძნელად მისადგომი მთაგორიანი ადგილი მნიშვნელოვანი, წარმატებული პორტი უნდა ყოფილიყო ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გზაზე.

მკვლევართა განცხადებით, სწორედ ამ პერიოდში დაედო საფუძველი საბერძნეთის კლასიკურ ხანას.

მომზადებულია uc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.