საავტორო უფლებების დამცველი - საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას ჯერი სკოტმა დიდი ალბათობით მოისმინა „თბილისო“ და სხვისი ინტელექტუალური საკუთრება პიარისთვის  გამოიყენა
საავტორო უფლებების დამცველი - საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას ჯერი სკოტმა დიდი ალბათობით მოისმინა „თბილისო“ და სხვისი ინტელექტუალური საკუთრება პიარისთვის გამოიყენა

რევაზ ლაღიძის ოჯახი და კომპოზიტორის საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია GMI Rights Management-ი აპირებენ, სიმღერა „თბილისოზე“ საავტორო უფლებების აღიარება მოითხოვონ Parlophon Records-ისგან. სწორედ Parlophon Records-ს წარუდგინა ჯერი სკოტმა 1962 წელს კომპოზიცია შეცვლილი ტექსტით და საკუთარ ნამუშევრად დაასახელა.

როგორ აპირებს GMI Rights Management-ი რევაზ ლაღიძის სიმღერაზე საავტორო უფლებების დაცვას, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა საქართველოს რადიოს გადაცემა „პიკის საათში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერი სკოტის ნამღერი Stay With Me ოფიციალურად არც ერთ პორტალზე არ არის განთავსებული და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის მხოლოდ სადემონსტრაციო სახით წარედგინა რექორდ ლეიბლს, თუმცა აღნიშნული ქმედება უკვე საავტორო უფლებების დარღვევაა.

„ეს მუსიკალური ნაწარმოები ოფიციალურად დარელიზებული არ არის. ეს ფონოგრამა არ იძებნება არც ერთ საძიებო სისტემაზე, Amazon-ზე, iTunes-ზე, Spotify-ზე, არც Shazam-ი არ ცნობს ამ მუსიკას. ანუ მუსიკა ოფიციალურად გავრცელებული არ არის“, – აღნიშნა ზურაბ ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, იმ დისკზე, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასევე დატანილია ინფორმაცია, რომ ეს მხოლოდ სადემონსტრაციო ვერსიაა, ჩვენებისთვის მიზნით შექმნილი ეგზემპლარი და არ არის გაყიდვისთვის განკუთვნილი.

„თბილისო რომ არის ორიგინალური ნაწარმოები და სპეციალურად თბილისისთვის შეიქმნა, ეს სადავო ფაქტი არ არის და ვერავინ გახდის სადავოდ. როდესაც დგინდება პლაგიატობა, როდესაც დგინდება, ვინ ვის მოპარა მუსიკა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რამდენად შეიძლებოდა ამ მუსიკას გავლენა მოეხდინა მუსიკოსზე, რომ ესა თუ ის მუსიკალური ჟღერადობა წაეღო. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა ჯერი სკოტი. დიდი ალბათობაა, რომ მან მოისმინა „თბილისო“. ის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მან ოთხი წლის შემდეგ წარადგინა საკუთარი პიარის მიზნებისთვის ერთ-ერთ წამყვან ბრიტანულ რექორდ ლეიბლთან, Parlophon Records-თან, ამ შემთხვევაში მან სხვისი ინტელექტუალური საკუთრება გამოიყენა, რათა მიეღწია კონტრაქტისთვის კონკრეტულ რექორდ ლეიბლთან“, – განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ჯერი სკოტის ეს ქმედება დარღვევა, რადგან მან მხოლოდ სადემონსტრაციოდ წარადგინა ნაწარმოების საკუთარი შესრულება სტუდიასთან შეთანხმების დასადებად, ზურაბ ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქმედება ცალსახად არის დარღვევა.

„როგორც ბერნის კონვენციის, ისე ქართული კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი უკანონო რეპროდუცირება არის დარღვევა. გარდა კომერციული ნაწილისა, მნიშვნელოვანია სახელის უფლება. ავტორს აქვს უფლება, აღიარებულ იქნას ნაწარმოების ავტორად და მითითებულ იქნას ავტორად ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის, ეს იქნება საცდელ დისკზე ჩაწერა თუ უბრალოდ იუთუბზე განთავსება. ნებისმიერ შემთხვევაში ავტორს აქვს უფლება, სათანადო წესით იყოს მითითებული ავტორად. ჩვენ უკვე გავდივართ არაქონებრივი უფლების დარღვევასთან. ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საკითხის შესწავლა და ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე რევაზ ლაღიძის უფლებების აღიარება“, –  განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გაირკვევა, რომ ნაწარმოები კომერციული მიზნითაც იყო გამოყენებული, დავა ამ მიმართულებითაც დაიწყება.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ შევალთ კომუნიკაციაში „ვორნერ მიუზიკ გრუპთან“, რომელიც არის Parlophon Records-ის მფლობელი და რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვაპირებთ, გავიგოთ მათი პოზიცია, რა მოხდა რეალურად, როგორ უყურებენ საკითხს. თუ გამოიკვეთება, რომ ეს ფონოგრამა გამოყენებულ იქნა პრაქტიკაში, ეს ფონოგრამა საჯაროდ სრულდებოდა და მაგალითად, ადგილობრივი კოლექტიური მართვის ორგანიზაციები კრეფდნენ შემოსავლებს, რომლებსაც იღებდა ჯერი სკოტი ან მისი მემკვიდრეები, ეს უკვე გაგვიყვანს კომერციულ მიზნამდე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება კომერციული მიმართულების მიცემა, მაგალითად მოვითხოვოთ კომპენსაცია, შემოსავლის ჩამორთმევა და ა.შ“, – განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

გადაცემაში „პიკის საათი“ ისაუბრა რევაზ ლაღიძის შვილმა, ლელა ლაღიძემაც, რომლის თქმით, სიახლე აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ჯერი სკოტმა „თბილისო“ საკუთარ ნაწარმოებად წარადგინა.