პარლამენტის კულტურის კომიტეტში ავტორთა და შემსრულებელთა წერილობით მოთხოვნაზე იმსჯელებენ
პარლამენტის კულტურის კომიტეტში ავტორთა და შემსრულებელთა წერილობით მოთხოვნაზე იმსჯელებენ

საქართველოში მომუშავე ავტორთა და შემსრულებელთა წერილობითი მოთხოვნაზე, რომელიც საავტორო უფლებებს ეხება, დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტში იმსჯელებენ.

მუსიკოსები საკანონმდებლო ჩანაწერის გადახედვას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათი ნაწარმოებების შესრულებისთვის ჰონორარების განაწილების უფლებას მათთვის სანდო ორგანიზაციას ანდობენ.

კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მუსიკოსები, ასევე რესტორნების ასოციაცია და საქპატენტის წარმომადგენელი.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, კომიტეტის წევრები სიღრმისეულად შეისწავლიან აღნიშნულ პრობლემას. მეზურნიშვილის განცხადებით, კომიტეტის მიზანია, მოხდეს მუსიკოსების უფლებების დაცვა.

„რამდენიმე დღის წინ კულტურის კომიტეტს მუსიკოსებმა მომართეს. დაახლოებით ასეულობით ხელმოწერით შემოვიდა წერილი, სადაც ისინი ითხოვენ არსებული კანონმდებლობის გადახედვას და მეტი სიცხადის შემოტანას, რათა მათ შეეძლოთ სხვა ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჰქონდეთ სრულფასოვნად, ასე ვთქვათ, ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა. აქ არის რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც აუცილებელია, გახდეს დისკუსიის საგანი. ჩვენ მყისიერად ჩავნიშნეთ საკომიტეტო მოსმენა, რათა, რასაკვირველია, მოვუსმინოთ. მოწვეული იქნება აბსოლუტურად ყველა მხარე. ყველა მხარეს უნდა მოვუსმინოთ, გავეცნოთ მათ არგუმენტებს. უნდა გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია. ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. იქნებიან წარმოდგენილნი თავად არტისტები, კომპანიების წარმომადგენლები, საქპატენტი, რესტორნების ასოციაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლოთ ეს საკითხი. პრობლემა რომ არის, ეს ნათელია, რადგან ზუსტად ეს ასეულობით ხელმოწერა ცხადყოფს პრობლემის არსებობას. ჩვენი მთავარი მიზანია, დავიცვათ ავტორების უფლებები და განვავითაროთ ინდუსტრია. ყველაფერს გააკეთებს კულტურის კომიტეტი, რომ ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ის გამოსწორდეს და გარანტია ჰქონდეს თითოეულ ავტორს, რომ ისინი ​აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელიც მათ ეკუთვნით“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტს რამდენიმე დღის წინ მიმართეს და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მოითხოვეს.