საავტორო უფლებათა ასოციაცია პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება
საავტორო უფლებათა ასოციაცია პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები წერილობით მიმართავენ პარლამენტს, გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ისინი მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, არ გაითვალისწინონ ორგანიზაცია GERA-ს მიერ მიღებული წერილი და არ დაუშვან მათი მოთხოვნა, პარალელური ადმინისტრირების დაშვებისა და ამ მიზნით კანონის შეცვლის თაობაზე. ამასთანავე, მათ ასოციაციის მუშაობის და იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, რაც პარალელურ ადმინისტრირებას შეიძლება მოჰყვეს. საკითხის განხილვაში ასოციაციის წევრები საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც მოითხოვენ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრის, გია ყანჩელის მემკვიდრის, სანდრო ყანჩელის თქმით, საავტორო უფლებათა ასოციაცია არის ძალიან კარგად აწყობილი ორგანიზაცია, სადაც ყველაფერი არის გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და არის მცდელობას, ეს ორგანიზაცია დაიშალოს, პარალელურად კი, გაჩნდეს კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად იმავე სფეროში მუშაობითაა დაინტერესებული.

„ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგს პირველ რიგში ქართველი ავტორებისთვის, რადგანაც, თუ შეიცვლება კანონმდებლობა და ქვეყანა დაუშვებს პარალელური ორგანიზაციების არსებობას, მერწმუნეთ, გაჩნდება არა ერთი, არამედ რამდენიმე. რამდენიმე ორგანიზაციის მუშაობა ერთსა და იმავე სფეროში, რომელშიც არ არსებობს კონკურენცია, ვერ იქნება სიკეთის მომტანი“, – აღნიშნა სანდრო ყანჩელმა.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი, გოგი ცაბაძის მემკვიდრე კახა ცაბაძე ამბობს, რომ ნელნელა შენდება და კეთდება ყველაფერი ევროპული კანონმდებლობის მიხედვით.

„ერთადერთი, რა კითხვაც მიჩნდება, რატომ არის რუსეთის მხრიდან ასეთი დაინტერესება საქართველოში მეორე საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის შექმნის თაობაზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ასმეერთესა და ორასმეცხრეს ჩამოყალიბებას. მაინტერესებს, როდიდან დაინტერესდა რუსეთი საქართველოს კეთილდღეობით და თავად რატომ არ აქვს რუსეთს მეორე მსგავსი ტიპის ორგანიზაცია. თუ ვადგავართ ევროპის გზას, დავადგეთ ბარემ ბოლომდე ევროპის გზას და ნუ დაკარგავენ დროს ამ უაზრო რაღაც წერილებზე. ეს არის ჩემი მიმართვა პარლამენტარებისადმი“, – აცხადებს კახა ცაბაძე.