საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ბორის ჯონსონი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ბორის ჯონსონი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. სოციალურ ქსელს „ტვიტერში“ ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენისა და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც პირადად ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მისი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ, ასევე მთლიანად სისტემაში მომუშავე პირებს.

ბორის ჯონსონის თქმით, სწორედ ძლიერი ჯანდაცვის სისტემის წყალობით, ქვეყანა შეძლებს დაძლიოს პანდემია. მანს ასევე ხაზი გაუსვა სოციალური დისტანციის შენარჩუნების მნიშვნელობას.

„მე დღეს საავადმყოფო დავტოვე, ერთი კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც, ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. რთულია, ვიპოვო სიტყვები ჩემი მადლიერების გამოსახატად. მე ვიხილე პერსონალის სიმამაცე, არამხოლოდ ექიმებისა და ექთნების, არამედ ყველასი, დამლაგებლების, მზარეულების, ფიზიოთერაპევტების, ექოსკოპისტების, ფარმაცევტების, რომლებიც ყოველდღიურად მოდიოდნენ, ამ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ასევე პერსონალური მადლობა გადაუხადა ორ ექთანს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე მყოფ პრემიერს უწყვეტად მეთვალყურეობდნენ.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ის გამოჯანმრთელების პროცესს ქალაქგარეთ რეზიდენციაში განაგრძობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.