ბორის ჯონსონი - დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს
ბორის ჯონსონი - დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს. ამის შესახებ ბორის ჯონსონი „დეილი მეილში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

„ჩვენ ყველა უნდა გავიზარდოთ და შევეჩვიოთ ამ პერსპექტივას. ტრამპი სწორად თუ მოიქცევა და მხარს დაუჭერს უკრაინელებს, და მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს, ტრამპის პრეზიდენტობა, შესაძლოა, იყოს დიდი გამარჯვება მსოფლიოსთვის“, – წერს ჯონსონი.

მისივე თქმით, მსოფლიოს სჭირდება ლიდერი, რომლის მზადყოფნა, გამოიყენოს ძალა და მკაფიო არაპროგნოზირებადობა, დასავლეთის მტრებისთვის მთავარ შემაკავებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

ამავე სტატიაში ჯონსონი აღნიშნავს, რომ ტრამპი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინას და 2018 წელს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“ გადასცა კიევს.

„რასაც არ უნდა ამბობდნენ პრეზიდენტ ტრამპზე ახლა, მე ვერ დავიჯერებ, რომ ის ისურვებს ისტორიაში ისეთ პრეზიდენტად შესვლას, რომელმაც მიატოვა ქვეყანა, რომელსაც ის უკვე მნიშვნელოვნად დაეხმარა თავისუფლების შენარჩუნებაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ამავე სტატიაში ჯონსონი მიმართავს იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამ საკითხზე იმდენად ნერვიულობდნენ, რომ „კოქტეილის ჭიქებში ყინულის ხმაც კი ისმოდა.“

„ამიტომ, ჩემო ანტიტრამპისტო მეგობრებო, მე გეტყვით, დამშვიდდით. რაც უფრო მეტს განიცდით და შფოთავთ, მით უფრო შემართული ხდებიან მისი მხარდამჭერები და, შესაბამისად, ტრამპის გამარჯვება შესაძლებლობიდან ალბათობად გადაიქცევა. დიახ მეგობრებო, დიდი სტაფილოსფერი დირიჟაბლი ისევ იბერება ატლანტიკის თავზე“, – წერს ბორის ჯონსონი.

ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.