ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა
ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელა.

ჯონსონის თქმით, ის, რაც მან ადგილზე ნახა, იყო საშინელი და სურს, მთელ მსოფლიოში ხალხმა შეძლოს ამ საშინელების სიცხადით დანახვა.

„ხალხმა უნდა იცოდეს „ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორია, რომ ისრაელმა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების შესახებ ჯონსონმა უპასუხა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ევალება, ისრაელს უთხრას, როგორ მოიქცეს.

„როდესაც 240 მძევალია, როდესაც ამ მასშტაბის დანაშაული გაქვს და როდესაც არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, რომ შეწყვიტოს“, – აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ჯონსონის თქმით, ის ისრაელში ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და ისრაელელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა.