სააპელაციო სასამართლომ ელისო კილაძის შვილი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო
ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამაართლა.
როგორც ხარშილაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სააპელაციო სასამრთლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„ბრალდებას არაფერი ჰქონდა ახალი და რა თქმა უნდა, ველოდი ამ გადაწყვეტილებას. მე კიდევ ერთხელ გავაჟღერე, რომ ჩემი დაკავება იყო პოლიტიკური დევნა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, ასევე ჩემი მედიასაშუალების მიმართ. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლების ერთი ჯგუფის პროვოკაცია სასამართლომ აღკვეთა და გაიმარჯვა სამართლიანობამ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ასობით ჩემი თანატოლები ციხეში სასჯელს სრულიად აბსურდული ბრალდებებით იხდიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვებმა მალე დატოვონ საპატიმრო“, – აცხადებს დავით ხარშილაძე.
პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს დაელოდება და მას ამის შემდეგ საკასაციო წესით გაასაჩივრებს.
„სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, სწორედ არ შეაფასა მტკიცებულებები და გამამართლებელი განაჩენი დატოვა ძალაში. ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, რადგან სწორად არ შეფასდა მტკიცებულებები იმის მიუხედავად, რომ ბრალდებას არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რაც ამ პიროვნების ბრალეულობას ადასტურებდა, კერძოდ, ჩვენები, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პაკეტი, სადაც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, აღმოჩნდა დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი, მეორე პაკეტზე კი აღმოჩნდა მისი ან მისი ნათესავის პროფილი, ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით დასაბუთებულ განაჩენს და გაასაჩივრებს საკასაციო წესით“, – განაცხადა ვაჟა თოდუამ.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილი დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.