მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებლის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებლის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებლის, შალვა კუჭაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა, შალვა კუჭაშვილმა დღეს განაცხდა, რომ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის და ემუქრება. ამასთან, შალვა კუჭაშვილმა ჟურნალისტებს მიმოწერა აჩვენა და ხმოვანი შეტყობინება მოასმენინა.

პასუხად, დავით ხარშილაძემ შალვა კუჭაშვილთან მიმოწერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ თავის სამართლებელი არაფერი აქვს.

„შალვა კუჭაშვილმა აქციაზე გააკეთა ძალიან პროვოკაციული განცხადება, დაახლოებით 500 ადამიანი იყო იმ აქციაზე და დაიწყო დედაჩემის აუგად მოხსენიება, რასაც მე რა თქმა უნდა, არავის არ გავუტარებ, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა ხარშილაძემ.