სააპელაციო სასამართლო ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
სააპელაციო სასამართლო ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

სააპელაციო სასამართლო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დაცვის მხარე ასაჩივრებს.

სასამართლოში საჩივარი უკვე შეტანილია. მხარეებისთვის ჯერ უცნობია, იმსჯელებს თუ არა საკითხზე მოსამართლე მათი მონაწილეობით. სასამართლოს უფლება აქვს საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშეც განიხილოს.

სააპელაციო სასამართლოში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.