Anadolu - რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყის, ქანდილისა და სინჯარის რაიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო
Anadolu - რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყის, ქანდილისა და სინჯარის რაიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყის, ქანდილისა და სინჯარის რაიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ერდოღანის თქმით, თურქული სამხედრო საჰაერო ძალების 20-მა თვითმფრინავმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ კუთვნილი 14 მსხვილი ობიექტი გაანადგურა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპერაცია გაგრძელდება. თურქეთის შეიარაღებული ძალები ქანდილს გაწმენდენ ისევე, როგორც ეს სირიის აფრინში, ჯერაბლუსში, ელ-ბაბსა და ააზაზში გააკეთეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ყველა ტერორისტი ადრე თუ გვიან პასუხს აგებს თავის დანაშაულზე. თურქეთის ლიდერის მტკიცებით, სირიის ჩრდილოეთით მდებარე აფრინის რეგიონში ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში 4500 ტერორისტი გაანადგურეს.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.