რვა საათზე მეტხანს ძილი შესაძლოა, სიკვდილიანობის რისკს ზრდიდეს - ახალი კვლევა
რვა საათზე მეტხანს ძილი შესაძლოა, სიკვდილიანობის რისკს ზრდიდეს - ახალი კვლევა

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საკმარისი ოდენობის ძილი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მეტისმეტი ძილი დაკავშირებულია გულის პრობლემებისა და სიკვდილიანობის მაღალ რისკთან.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ძილი პირდაპირ მოგკლავთ, მაგრამ თუ ძალიან დიდხანს გძინავთ საწოლში, შესაძლოა, ეს ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი ან სიმპტომი იყოს. ასევე შესაძლებელია, გაუარესდეს არსებული პრობლემა.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, გადაჭარბებულ ძილთან მიმართებაში მეტი ყურადღება გვმართებს. ძილის დროის დაყვანა რეკომენდებულ 7-8 საათამდე, მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანმრთელობის პრობლემათა რისკს ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე.

„თუკი შეინიშნება ჭარბი ძილი, განსაკუთრებით რვა საათზე მეტი, ექიმებმა უნდა შეამოწმონ გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები და ძილის აპნოე (ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა), რომელიც ძილის სერიოზული დამრღვევია და ადგილი აქვს მაშინ, როცა ძილის დროს ადამიანის სუნთქვა შეფერხებულია“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი ჩუნ შინგ კვოკი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ექიმები აღმოაჩენენ, რომ მათ პაციენტებს ძალიან დიდხანს სძინავთ, აუცილებლად უნდა ეძებონ ამის უკან მდგომი სხვა პრობლემა.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მოახდინეს წინა 74 კვლევის ანალიზი, რომლებიც ეძღვნებოდა ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, ისევე როგორც სიკვდილიანობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. საერთო ჯამში, კვლევები 3 მილიონ ადამიანს მოიცავდა.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ღამეში საშუალოდ 10-საათიანი ძილი დაკავშირებულია ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის 30 პროცენტით ზრდასთან, რაც არ აღინიშნებოდა 7-საათიანი ძილის შემთხვევაში.

საშუალოდ 10 საათის განმავლობაში ძილი ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ინსულტით გარდაცვალების რისკის 56 პროცენტით ზრდასთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკის 49 პროცენტით ზრდასთან. აღსანიშნავია, რომ ძილის ნაკლულობა დაკავშირებულია გულის კორონარული დაავადებების 44 პროცენტიან ზრდასთან.

მიუხედავად იმისა, რომ 3 მილიონი ადამიანი მოიცვა, კვლევას მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები — მონაწილეები ძილის ხანგრძლივობის შესახებ თავად აცხადებდნენ და არ შემოწმებულა ლაბორატორიაში, შესაბამისად, ბევრი მათგანი არაზუსტი იქნება. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას, რაც კვლევებში აღნიშნული არ არის და რასაც, გავლენა აქვს ძილისა თუ რისკების მახასიათებლებზე.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრებს არ შეუძლიათ გადაჭრით იმის თქმა, რომ რვა საათზე მეტი ძილი ნაადრევ სიკვდილს იწვევს, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში მაინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.

ძილზე გავლენას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს, სამუშაოს ხასიათით დაწყებული, თანამედროვე საზოგადოების ხასიათით დამთავრებული. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ალბათ მაინც ძილის დროის 7-8 საათში მოქცევაა.

„ძილი გავლენას ახდენს ყველაფერზე. ჩვენი ძილის ოდენობა და ხარისხი კომპლექსურია“, — ამბობს მკვლევარი ჩუნ შინგ კვოკი.

კვლევა Journal of the American Heart Association-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია keele.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.