რუსულმა საჰაერო ძალებმა სირიის ჩრდილოეთ იდლიბის პროვინციაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. თავდასხმას წინ უძღოდა იერიში, რომლის დროსაც მეამბოხეებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, პილოტი კი – მოკლეს.
მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ დაშავებულებს და გარდაცვლილებს. მსხვერპლის საერთო რაოდენობა ჯერ არ სახელდება, თუმცა საუბარია დაბომბილ საავადმყოფოზე, სადაც სულ მცირე, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, სადაც სულ მცირე, 15 დაღუპულს უკვე მიაგნეს.
ცნობებს მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს ქალაქებზე კაფრ ნუბლი, მაასრანი, სერაქიბი, მაარათ-ელ-ნუუმანი და პროვინციის ცენტრი იდლიბი.
ასადის მოწინააღმდეგე სირიელები რუსეთს ზიანის მომტან ძალად მიიჩნევენ და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში სდებენ ბრალს, მას შემდეგ, რაც 2015 წელს მოსკოვი სირიის სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალების მხარეს ჩაერთო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ ისლამისტი მეამბოხეები არიან.