„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად, სირიის იდლიბის პროვინციაში 50-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა
„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად, სირიის იდლიბის პროვინციაში 50-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთის ავიაიერიშის შედეგად, სირიის იდლიბის პროვინციაში 50-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წერს, რუსეთის საჰაერო შეტევის სამიზნე თურქეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება გახდა.

ავიადარტყმების შედეგად, ათეულობით მებრძოლი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ისლამისტური დაჯგუფება, „ფაილაკ აშ-შამის“ ბანაკი გახდა, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბევრი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომლის დროსაც სირიის არმიამ რეგიონზე შეტევა შეჩერა, საჰაერო იერიშმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

იდლიბის პროვინცია აჯანყებულთა და ისლამისტთა უკანასკნელი დასაყრდენი გახდა სირიაში. რეგიონი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აქამდე შეთანხმება თითქმის არ დარღვეულა.