რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, დღეს შეხვდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, დღეს შეხვდება

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სირიის იდლიბის რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს დღეს, მოსკოვში შეხვდება.

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, იდლიბის რეგიონში მოკლე პერიოდში ცეცხლის შეწყვეტას ელოდება. ერდოღანის თქმით, იდლიბში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე, სირიის სხვა რეგიონში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები გააქტიურდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვი სირიის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარება და კონფლიქტის დარეგულირება სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.

იდლიბის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სირიის სამთავრობო არმიამ თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. 27 თებერვლის შემდეგ სირიის არმიის წინააღმდეგ იდლიბის რეგიონში თურქეთი ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.