რუსთავის სასამართლომ მარნეულის ინციდენტზე სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვს, ასევე – რამინ ალახვერდოვსა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. თითოეულს ოთხი ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
გამოძიება მათ მიმართ დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობას გულისხმობს. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.