ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენი შტაბის წევრმა დაზიანება ავარიის შედეგად მიიღო, ასეთი ტყუილი არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა იკადროს
ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენი შტაბის წევრმა დაზიანება ავარიის შედეგად მიიღო, ასეთი ტყუილი არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა იკადროს

ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება, მით უმეტეს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მომხდარს მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„საინტერესო განცხადება მოვისმინეთ კახა ოქრიაშვილის მხრიდან, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს დახურვით დაემუქრა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ბუნება, რომ მათი ორიენტაცია არის მედიის დახურვაზე და ეს არის მათი სულისკვეთება. ბუნებრივია, ამას ისინი ვეღარ ეღირსებიან, 2012 წლამდე ახერხებდნენ მედიასაშუალებების დახურვას, ამას ახლა ვეღარ გაიმეორებენ.

გუშინ მარნეულში იყო ორი მედიასაშუალება, რომლის წარმომადგენლებსაც მიადგათ დაზიანებები და შესაბამისად, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო. როცა საქმე ეხება მედიას, იქ კიდევ უფრო მეტად არის საჭირო რეაგირება და ეს უნდა იყოს მკაცრი. ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება, მით უმეტეს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ. აქედან გამომდინარე, რეაგირება უნდა იყოს საკმარისად მკაცრი. კანონის ფარგლებში რაც არის, იმის მიღმა ჩვენ ვერავითარ ზომას ვერ გამოვიყენებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

„ერთი თხოვნა უშუალოდ მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც აშუქებთ კონკრეტულ გარემოებებს. მაგალითად, დღეს როცა საქმე ეხებოდა ჩვენი, მარნეულის შტაბის წევრის ცემის საქმეს, იქ ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ამ ადამიანს დაზიანებები ავარიის შედეგად აქვს მიღებული. ეს ისეთი სირცხვილია, რომ ამის იქეთ უბრალოდ არაფერი არ არსებობს. მესმის მიკერძოებაც, პარტიულობაც და ყველაფერიც, მაგრამ ეს ისეთი ტყუილია, რაც არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა იკადროს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.