ანრი ოხანაშვილი - კანონმდებლობა შევქმენით, წესებს ვიცავთ, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სატელიტ პარტიებთან ერთად მხარი არ აგვიბა
ანრი ოხანაშვილი - კანონმდებლობა შევქმენით, წესებს ვიცავთ, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სატელიტ პარტიებთან ერთად მხარი არ აგვიბა

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად წარმართვის, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მათ წესები არ დაიცვან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები უნდა წარიმართოს და ყველაფერს პასუხი უნდა გეცეს. ამასთან, ანრი ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ.

„ჩვენ კანონმდებლობა შევქმენით და წესებს ვიცავთ, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩავატაროთ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მხარი არ აგვიბეს და არ იცავენ, წესებს. განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებთან მიმართებით აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა და უწყებებმა პასუხი ყველაფერს უნდა გასცენ. კონკრეტული პირი თუ გამოიკვეთება, პასუხისგებაში უნდა მიეცეს რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

როგორ შეიძლება, მიზანმიმართულად დაგეგმილი ისეთი პროვოკაცია აღიკვეთოს, როცა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ მიდიან, აგინებენ, ემუქრებიან და ძალადობენ პარტიის აქტივისტებზე. იმის აღკვეთა როგორ შეიძლება, როცა ადამიანი მეორე ადამიანს აგინებს და ლანძღავს. ეს არის მიუღებელი. ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რომ არ აყვნენ, არც ერთ პროვოკაციას, რადგან უამრავი პროვოკაცია იქნება, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ვაანონსებდით. ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი აღემატება ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამიტომ, ასეთი დესტრუქციული და კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები პროვოკაციას, მუქარასა და ძალადობას ეცდებიან. სახლში ვერავისთან მივალთ, ეს დრო დამთავრდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, როცა ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე აკავებნდნენ და სასამართლოში საბრალდებო დასკვნა შემდეგ მიჰქონდათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.