ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ, მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც
ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ, მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც

პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ისინი, ვინც წლებია, პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან პირველ რიგში, ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი, მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულის ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ არც ერთი თავდამსხმელი დაუსჯელი არ დარჩება.

„გვინდა, პარტიის და საარჩევნო შტაბის სახელით, შეშფოთება გამოვხატოთ ბოლო რამდენი დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის თაობაზე ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც, მოვუწოდებდით მათ და ახლაც, ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. ამგვარი გაფრთხილებებით ჩვენ შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადასვლა.
დღეს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ უმძიმეს პროვოკაციას, როდესაც კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მარნეულში ჩვენი შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს და მას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც წლებია, პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან პირველ რიგში, ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით, გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიულ ამოცანად თანდათან საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციების მოწყობა იქცა.

„ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი მშვიდი არჩევნები ჩატარებაა. არაერთგზის გვითქვამს და ერთხელაც გავიმეორებთ, თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ზუსტად ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა გასული რამდენიმე დღის მანძილზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უნძიმეს პროვოკაციებსაც კი. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის. არც ერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.