მარნეულის ინციდენტზე დაკავებულ ლაშა ქველაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
მარნეულის ინციდენტზე დაკავებულ ლაშა ქველაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლაშა ქველაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ბოლნისის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის, დიანა მარტიაშვილის განცხადებით, ქველაძის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უკვე ცნობილია. პასუხი უარყოფითია და შესაბამისად, ქველაძე საავადმყოფოდან უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალის წარდგენის შემდეგ, ის მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში, მომატებული ტემპერატურის გამო გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით წაუყენეს.

შეგახსენებთ, ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.